აუდიტორული დასკვნა ის დოკუმენტია, რომელიც კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას დამოუკიდებელი პროფესიონალის სანდოობას ანიჭებს: სწორედ აუდიტორის მოსაზრებაზე დაყრდნობით წყვეტს უცხოური ბანკი, ინვესტორი თუ სატენდერო კომისია, შეიძლება თუ არა ციფრების ნდობა. დასკვნა მოკლე, მაგრამ მკაცრად სტანდარტიზებული ტექსტია, სადაც ყოველი ფრაზა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებიდან მომდინარეობს და ერთი შეცვლილი სიტყვა მოსაზრების ტიპსაც კი ცვლის. ჩვენი ბიურო თბილისში აუდიტორულ დასკვნებს ISA-ს ოფიციალური ტერმინოლოგიით თარგმნის, ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთ პაკეტად ამუშავებს და საჭიროებისას ნოტარიულად ამოწმებს.
დეტალური სახელმძღვანელო: აუდიტორული დასკვნებისა და აუდიტირებული ანგარიშგების თარგმანი. ტერმინოლოგია, ფორმატი, ვინ ითხოვს და როგორ მოწმდება, ფინანსური და ბიზნეს თარგმანის განყოფილებაში.
რას შეიცავს აუდიტორული დასკვნა
საქართველოში აუდიტს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორული ფირმები ატარებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად. სავალდებულო აუდიტს ექვემდებარება მსხვილი კომპანიები და საზოგადოებრივი დაინტერესების პირები, თუმცა ბევრი საშუალო კომპანია დასკვნას ბანკის ან ინვესტორის მოთხოვნით ნებაყოფლობით უკვეთავს. სტანდარტული დასკვნა შემდეგ ნაწილებს მოიცავს:
- აუდიტორის მოსაზრებას და მოსაზრების საფუძველს
- ძირითად აუდიტორულ საკითხებს (Key Audit Matters) საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის
- მნიშვნელოვანი გარემოებების ან სხვა საკითხების აბზაცს
- ხელმძღვანელობისა და აუდიტორის პასუხისმგებლობის აღწერას
- აუდიტორის ხელმოწერას, ფირმის დასახელებას, რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს
- დანართად სრულ ფინანსურ ანგარიშგებას განმარტებითი შენიშვნებით
მოსაზრების ოთხი ტიპი და რატომ არ შეიძლება მათი აღრევა
აუდიტორული დასკვნის თარგმანში ყველაზე მაღალი რისკი მოსაზრების ტიპის ზუსტი გადმოტანაა, რადგან სწორედ ეს ერთი ფრაზა განსაზღვრავს დოკუმენტის მთელ ღირებულებას:
- არამოდიფიცირებული მოსაზრება (unmodified ან unqualified opinion): ანგარიშგება სამართლიანად ასახავს ფინანსურ მდგომარეობას.
- პირობითი მოსაზრება (qualified opinion): ანგარიშგება სამართლიანია, გარდა კონკრეტული, აღწერილი გარემოებისა.
- უარყოფითი მოსაზრება (adverse opinion): ანგარიშგება არსებითად არასწორია.
- მოსაზრების გამოთქმაზე უარი (disclaimer of opinion): აუდიტორმა საკმარისი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.
ავტომატური თარგმანი „პირობით მოსაზრებას“ ხშირად „conditional opinion“-ად გადმოსცემს, რაც აუდიტორული ტერმინოლოგიაში არ არსებობს და უცხოელ ანალიტიკოსში ეჭვს იწვევს. ჩვენი თარჯიმნები ISA-ს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ოფიციალურ ტერმინოლოგიას იყენებენ, რომ დასკვნა სამიზნე ქვეყნის აუდიტორისთვის ბუნებრივად იკითხებოდეს.
როდის სჭირდება აუდიტორულ დასკვნას თარგმანი
- საერთაშორისო ტენდერი და დონორული პროექტები. სატენდერო კომისია ბოლო 2-3 წლის აუდიტირებულ ანგარიშგებას ითხოვს ფინანსური სიმყარის დასადასტურებლად.
- სესხი უცხოურ ბანკში ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში. კრედიტორი მხოლოდ აუდიტირებულ ციფრებს ეყრდნობა.
- ინვესტორის due diligence. მოსაზრების ტიპი და ძირითადი აუდიტორული საკითხები ინვესტორის პირველი კითხვებია.
- ჯგუფის კონსოლიდაცია. უცხოური მშობელი კომპანიის აუდიტორი ქართული შვილობილის დასკვნას ჯგუფის აუდიტის ფარგლებში იყენებს.
- საფონდო ბირჟა და ობლიგაციები. ფასიანი ქაღალდების განთავსებისას ემიტენტის დასკვნა პროსპექტის ნაწილია.
- სასამართლო და საარბიტრაჟო დავა. აუდიტორის მოსაზრება ფინანსური მტკიცებულების ნაწილია.
რა არის მნიშვნელოვანი აუდიტორული დასკვნის თარგმნისას
სტანდარტიზებული ფორმულირებები
ISA 700-ის მიხედვით დასკვნის ტექსტი მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურით იწერება და უცხოელი მკითხველი სწორედ ამ სტანდარტულ ფრაზებს ეძებს: „ჩვენი აზრით, თანდართული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს...“ თარგმანში ეს ფრაზები სამიზნე ენის ISA-ს ოფიციალურ ტექსტს უნდა ემთხვეოდეს და არა თარჯიმნის თავისუფალ ინტერპრეტაციას. „არსებითი უზუსტობა“, „აუდიტორული მტკიცებულება“, „ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპი“ და „შიდა კონტროლი“ ის ტერმინებია, სადაც ერთი დამკვიდრებული შესატყვისი არსებობს.
მითითებები ანგარიშგებაზე
აუდიტორის მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების კონკრეტულ გვერდებზე, მუხლებსა და შენიშვნებზე მიუთითებს. თუ დასკვნა და ანგარიშგება სხვადასხვა თარჯიმანმა თარგმნა, ერთი და იგივე მუხლი ორ დოკუმენტში სხვადასხვა ტერმინით გამოჩნდება და მკითხველი შესაბამისობას ვერ იპოვის. ამიტომ დასკვნასა და ანგარიშგებას ერთი პროექტის ფარგლებში, ერთი გლოსარიუმითა და ერთი რედაქტორით ვთარგმნით.
აუდიტორის რეკვიზიტები
აუდიტორული ფირმის დასახელება ტრანსლიტერაციით გადადის ან მისი ოფიციალური ინგლისური სახელწოდებით, თუ ასეთი არსებობს. აუდიტორის სახელი, რეგისტრაციის ნომერი, ხელმოწერა, ბეჭედი და დასკვნის თარიღი სრულად ითარგმნება ან აღიწერება, რადგან სწორედ ეს რეკვიზიტები აძლევს მიმღებ მხარეს აუდიტორის რეესტრში გადამოწმების საშუალებას.
დამოწმება და აპოსტილი
აუდიტორული დასკვნა კერძო პროფესიული დოკუმენტია და აპოსტილი უშუალოდ მასზე არ ისმება. ბანკისთვის და ინვესტორისთვის ჩვეულებრივ საკმარისია ბიუროს სატიტულო ფურცელზე დამოწმებული თარგმანი. სატენდერო კომისია და საკონსულო ხშირად ნოტარიულ თარგმანს ითხოვს, სადაც თარგმანი დასკვნის ორიგინალს ან ნოტარიულ ასლს ეკვრის. საზღვარგარეთ ოფიციალურად წარსადგენად ჯერ მზადდება ნოტარიულად დამოწმებული ასლი, მასზე აპოსტილს იუსტიციის სამინისტრო უსვამს და მხოლოდ შემდეგ ითარგმნება დოკუმენტი აპოსტილთან ერთად. მოთხოვნას შეკვეთის მიღებისთანავე ვაზუსტებთ, რომ არც ზედმეტი დამოწმება გააკეთოთ და არც საჭირო გამოგრჩეთ.
უცხოური აუდიტორული დასკვნის თარგმნა ქართულად
უცხოური კომპანია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში, ბანკის დაკრედიტებაში ან ლიცენზიის მისაღებად საკუთარ აუდიტირებულ ანგარიშგებას ქართული თარგმანით წარადგენს. ჩვენ ვთარგმნით Big Four-ისა და ადგილობრივი ფირმების მიერ ინგლისურად, გერმანულად, თურქულად და რუსულად შედგენილ დასკვნებს ISA-ს ქართული ტერმინოლოგიით და ვურთავთ განმარტებას იმ სტანდარტებზე (მაგალითად, US GAAS), რომლებიც ISA-სგან განსხვავდება.
ვადები
ცალკე აღებული აუდიტორული დასკვნა 3-5 გვერდია და ერთ-ორ სამუშაო დღეშია მზად; დასკვნა სრულ ანგარიშგებასთან ერთად (40-80 გვერდი) 5-7 დღეს მოითხოვს. მუდმივ კლიენტებს ყოველწლიური დასკვნის თარგმანი წინა წლის გლოსარიუმით მზადდება, რაც ვადას ამცირებს.
ხშირად დასმული კითხვები
საკმარისია თუ არა მხოლოდ დასკვნის თარგმნა, ანგარიშგების გარეშე?
დამოკიდებულია მიმღებ მხარეზე. ბანკები და სატენდერო კომისიები, როგორც წესი, დასკვნას ანგარიშგებასთან ერთად ითხოვენ, რადგან მოსაზრება სწორედ თანდართულ ანგარიშგებას ეხება. მოთხოვნას წინასწარ ვაზუსტებთ.
როგორ ითარგმნება „პირობითი მოსაზრება“?
ISA-ს ოფიციალური ტერმინით: ინგლისურად qualified opinion. „Conditional opinion“ არასწორია და უცხოელ მკითხველში ეჭვს იწვევს.
საჭიროა თუ არა აუდიტორის თანხმობა დასკვნის თარგმნისთვის?
თარგმნისთვის არა. თარგმანი ორიგინალის ზუსტი ასლია და აუდიტორის პასუხისმგებლობას არ ცვლის. ზოგიერთი მიმღები მხარე თარგმანზე აუდიტორის ხელმოწერასაც ითხოვს, რასაც ცალკე ვათანხმებთ.
ისმება თუ არა აპოსტილი აუდიტორულ დასკვნაზე?
უშუალოდ არა. ჯერ მზადდება ნოტარიულად დამოწმებული ასლი, მასზე ისმება აპოსტილი და შემდეგ ითარგმნება დოკუმენტი აპოსტილთან ერთად.
რამდენ ხანში მზადდება აუდიტორული დასკვნის თარგმანი?
ცალკე დასკვნა 1-2 სამუშაო დღეში, დასკვნა სრულ ანგარიშგებასთან ერთად 5-7 დღეში. ექსპრეს ვადა ცალკე თანხმდება.
გამოგვიგზავნეთ დასკვნის სკანი ანგარიშგებასთან ერთად და მიუთითეთ, ვის წარუდგენთ: გეტყვით, საკმარისია თუ არა მხოლოდ დასკვნის თარგმნა, რა დამოწმება სჭირდება და რა ვადაში მიიღებთ მზა პაკეტს.